პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "დღის კურიერში" სტუმრობისას საქართველოში ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკას გამოეხმაურა. წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი ის ღონისძიებები, რასაც სახელმწიფო ატარებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, იონათამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მეტად გაამკაცროს მიდგომები მოძალადეებთან დაკავშირებით.
"ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ მშრალი დისკუსია უნდა ვაწარმოოთ. რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა - ფემიციდი დგას და ამ მხრივ, გაზრდილია სტატისტიკა და ამ სტატისტიკის უკან კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას, არამარტო მათი, ვინც იყვნენ უშუალოდ მსხვერპლები ძალადობის, არამედ ოჯახის წევრების მთელი წრე იკვრება ხოლმე, რადგან რეალურად ეს მხოლოდ ერთ ადამიანზე არ ხორციელდება. ძალადობა ხორციელდება მთელ ოჯახზე და მთელ სოციუმზე, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს.
სახელმწიფოს ვალდებულება ორი მიმართულებით უნდა იყოს ამ შემთხვევაში - ერთი მიმართულება უნდა იყოს ის სიმკაცრე უშუალოდ დამნაშავეების მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაიზარდა, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში დგება სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიება და გარეთ არ გამოდიან სანამ სასამართლოს მსჯავრი არ დადგება - ეს არის სწორი. პრევენციის მხრივ მნიშვნელოვანია შემაკავებელი ორდერების გამოყენება და გამკაცრება, ანუ შემაკავებელი ორდერის დამრღვევი ადამიანი პირდაპირ პასუხისგებაში ეცემა, ესეც სწორია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვინდა მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ. ამაში კი მე ვხედავ პირველ რიგში, სახელწიფოს პასუხისმგებლობას და მთლიანად საზოგადოების. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ, რათა საერთო გარდატეხა შევიტანოთ ამ პროცესში და მინიმუმამდე დავიყვანოთ ოჯახში ძალადობის საქმეები," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს. ამ მკვლელობებიდან 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული.2017 წელს 26 ქალი მოკლეს. აქედან 14 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. 2018 წელს მოკლეს 22 ქალი, 7 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. 2019 წელს 19 ქალი, აქედან ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10 დანაშაული. 2020 წლის ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა "კურიერმა" დათვალა შემთხვევების რაოდენობა - დაახლოებით 10 მკვლელობა, სავარაუდოდ, გენდერული ნიშნით განხორცილდა.