მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ილია ქურდაძეს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.
დაცვის მხარე პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ბრალდების პოზიციას არ იზიარებდა და გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ილია ქურდაძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.