24 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
მეუღლესა და შვილებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს წევრს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მეუღლესა და შვილებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი მომხდარს "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაკავებამდე დაწერა. 

მიხეილ გრემელაშვილი ძალადობაში მისმა ბიძაშვილმა, სუროგაციის საერთაშორისო ქსელის, New life global-ის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა. 

"მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს, რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს,"- წერს მიხეილ გრემელაშვილი.

დეპუტატის დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ. არჩილ თხლაშიძის განცხადებით, მას კოლეგის მხრიდან ძალადობის შესახებ არაფერი სმენია.

"მსგავსი ფაქტები ჩვენთვის უცნობია. ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლოს. თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში კანონი თვითონ არეგულირებს, საკრებულოს წევრს უწყდება უფლებამოსილება," - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

სამართალდამცავები მიხეილ გრემელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატი იარაღით სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს დაემუქრა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

დაკავებას წინ უძღოდა გრემელაშვილის გამოკითხვა და სახლის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული იარაღი ამოიღეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები