რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ლევან სამხარაულის ბიურომ გამოძიებას უკვე გადაუგზავნა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. უკვე მე-18 დღეა ყველა ელოდება დოკუმენტს, სადაც დეტალურად არის აღწერილი რა დაზიანებები აქვს მიყენებული ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე ახალგაზრდა ფეხბურთელს და აღენიშნება თუ არა ეს დაზიანებები მას ძალადობით.
ასევე გაირკვევა - რამ განაპირობა სამწუხარო შედეგი და რა ნაწილში შესაძლოა გამოიკვეთოს ვინმეს ბრალეულობა. გარდა იმისა რომ ამ დოკუემნტით დაზარალებული ოჯახი გაიგებს სიმართლეს, სწორედ ამ დასკვნაზეა დამოკიდებული უკვე ბრალდებული პირების ბედიც, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ისინი სასამართლოში უკვე დამძიმებული მუხლით წარსდგნენ.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მოლოდინშია.
"ექსპერტიზის დასკვნა საჯარო გახდება. გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ექსპერტიზა კატეგორიული ფორმით იქნება და ბევრ კითხვას არ დატოვებს. ოჯახს ასევე აქვს მოლოდინი, რომ მათი მთავარი ვერსია მკვლელობასთან დაკავშირებით დადასტურდება,"- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.
ერთ-ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, შესაძლოა დამნაშავეთა სია გაიზარდოს ან ვიღაცებს კვალიფიკაციები შეუცვალონ.
"საქმეში იმდენი კითხვის ნიშანია, იმდენი მანქანა და საეჭვო გარემოებებია, შესაძლოა დამნაშავეთა სია გაიზარდოს ან კვალიფიკაციები შეუცვალონ ვიღაცებს. მაგრამ ეს რამდენად რეალური იქნება სხვა საკითხია. ამას სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება," - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.
ასევე ბრალდებული არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი კი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული, ვერანაირ მნიშვნელოვან გარემოებას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ვერ მოგვცემს.
"ეს ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული, ვერანაირ მნიშვნელოვან გარემოებას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ვერ მოგვცემს. ბრალდებულთა რიცხვი ისედაც უსაფუძვლოდ არის გაზრდილი. თუკი ბრალდება დასაბუთებული იქნება გარდაცვალების ნაწილში - ეს უკვე გამოძიების საქმეა. თუმცა მანამდე არსებული ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია,"- აღნიშნავს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.