გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებენ პროკურატურას პოლიტიკოსები. ოპოზიციურ სპექტრში აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს ვინმეზე ხელის დაფარება. ამასთან პოლიტიკოსები საქმის კვალიფიკაციის დამძიმებას და გამოძიების ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ:
"აქამდეც არ შეიძლებოდა, რომ ეს კვალიფიკაცია არ ყოფილიყო. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ადამიანი იყო გარდაცვლილი და დეტალების გაურკვევლობის მიუხედავად ეს ზოგადი ძალადობა კი არ იყო, ამას შეეწირა. თავიდანვე კვალიფიკაცია იყო არასწორი და ამის გამო გზადაგზა გაჩნდა ძალიან ბევრი სერიოზული პრეტენზია და ვფიქრობ ის ზეწოლა რაც არის საზოგადოებისგან და ჟურნალისტებისგან, არის აუცილებელი, რომ არ მივცეთ სახელმწიფოს საშუალება, რომ ვინმეს ხელი დააფაროს ან რაიმე კითხვა დარჩეს პასუხგაუცემელი," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საგამოძიებო პროცესზე საზოგადოების და მედიის მხრიდან მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია:
"ჩვენ უნდა ვაიძულოთ საგამოძიებო ორგანოები, რომ ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით. დღევანდელ ძალოვან სტრუქტურებს დაკარგული აქვთ ნდობა, მათ კომპეტენტურობაში ხშირად საფუძვლიანად შეაქვთ ეჭვი. აქედან გამომდინარე აუცილებელია საზოგადოების და ჟურნალისტების მხრიდან მუდმივი მონიტორინგი," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში მონაწილე პირების სწრაფად იდენტიფიცირებაზე ამახვილებს ყურადღებას:
"რადგან არსებობს ასეთი დაზიანებები და დევს დასკვნა, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, მაშასადამე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მიაყენეს ასეთი დაზიანებები. უნდა მოხდეს სასწრაფოდ ამ ადამიანების იდენტიფიცირება რაც შეიძლება სწრაფად და ამ თვალსაზრისით წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია კვალიფიკაციის შეცვლა, წესით ეს ხელს გაუხსნის გამოძიებას უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში,"- აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.