20 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ბრალდების დამძიმებას არ ელოდებიან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე 17 პირია დაკავებული. პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მუხლი დააზუსტა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მიმდინარეობს.

საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაძალადეველების 2 ჯგუფზე - "მერსედესის" და "ტოიოტა ქამრის" მგზავრები.

მათი ადვოკატების განცხადებით, ახლა ელოდებიან, როდის მოხდება ბრალის დაზუსტება კონკრეტულად მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან დაკავშირებით.

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, ამ ეტაპზე მთავარია დადგინდეს, ვის მიერ იქნა მიყენებული დაზიანებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა. 

"კვალიფიკაცია, რომელიც დამძიმდა 109-ე მუხლით, გამოძიების მიერ მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და მთავარი არ არის აქ, რომ უბრალოდ ფაქტზე კვალიფიკაცია შეიცვალა და დამძიმდა, მთავარი არის დადგინდეს, რა დროს მოხდა ამ დაზიანებების მიღება გარდაცვლილისთვის, რომელიც დადგინდა ექსპერტიზის დასკვნით. მთავარი არის ის, რომ დადგინდეს ვის მიერ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული, სად, როგორ და რა მდგომარეობებში მოხდა აღნიშნული დაზიანებების მიღება," –  აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ადვოკატების ნაწილის თქმით, ჯერჯერობით მათ გამოძიება არ დაკავშირებია. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ კი განაცხადა, რომ ბრალდების დამძიმების მოლოდინი არ გააჩნიათ.

"კონკრეტული მუხლით გამოძიების დაწყება ან კვალიფიკაციის დამძიმება არის საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივა. ამ დრომდე ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს არც ერთი წარმომადგენელი არ შეგვხმიანებია. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, საქმის გარემოებებიდან და ჩვენი ბრალდებულების პოზიციიდან გამომდინარე, არ ველოდებით ბრალდების დამძიმებას," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

 

დღის ამბები