02 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
7 წელი და 6 თვე - ახალაიას განაჩენი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პატიმართა წამების ნაწილში გაამტყუნა. 

თავად ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, როგორც დარბაზში, ისე შენობის გარეთ.

რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა ბრალდებულ პირებს, მეგის ქარდავას 7 წლითა და 6 თვით, გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას კი 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ. ის საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს.

საქალაქო სასამართლოს შენობის გარეთ უსაფრთხოებას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დილიდან იცავს.

საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს "ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც მოკლეს სამი ახალგაზრდა - მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე. საქმეში ბრალი ედებოდათ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს.

ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 144-ე პრიმა და 333-ე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, მეგის ქარდავას 144 პრიმა და 333-ე მუხლებით, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს 109-ე და 333-ე მუხლით.

332-ე მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, 144-ე პრიმა მუხლი - წამებას, 109-ე მუხლი კი განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

სასამართლო დარბაზიდან დეტალებს უფრო ვრცლად Rustavi2.Com მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები