23 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ბრალდების ინფორმაციით, თელავის საკრებულოს დეპუტატი გოგონებს ყველა უფლებას უზღუდავდა - ძალადობის უკან გენდერული დისკრიმინაცია დასახელდა

თელავის საკრებულოს დეპუტატის პროცესზე დანაშაულის მოტივი გახდა ცნობილი - ბრალდებამ მუქარის და ძალადობის უკან გენდერული დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა დაასახელა. მიხეილ გრემელაშვილი ცოლის და შვილების მიმართ ძალადობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ შვილები, რომლებმაც პოლიციაში ძალადობის ბოლო შემთხვევის შემდეგ დარეკეს, მისმა ბიძაშვილმა გამოიყენა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი - ბრალდებული დეპუტატი, მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

გრემელაშვილის ნათესავი მარიამ კუკუნაშვილი, რომელმაც დეპუტატი ძალადობაში "ფეისბუქით" ამხილა, ამბობს, რომ ბრალის უკან პოლიტიკურ კონტექსტზე საუბარი არასერიოზულია. ბიძაშვილის ინფორმაციით, პოლიციას დეპუტატის შვილები თავად, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ.

სწორედ შვილების უსაფრთხოება დაასახელა ერთ-ერთ მოტივად მოსამართლემ გრემელაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას. პროკურატურაც ამას ითხოვდა, რადგან ბრალდების მტკიცებით დეპუტატი აღიარებდა მხოლოდ ვაჟს და გოგონებს უზღუდავდა ყველა უფლებამოსილებას. დაცვის მოთხოვნა 10 ათას ლარიანი გირაო იყო.

თელავის საკრებულოს "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის დეპუტატი 8 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ გრემელაშვილი იარაღის დემონსტრირებით ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები