18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"კურიერმა" შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი ტომი მოიპოვა - რა ახალი გარემოებები ირკვევა მორიგი ჩვენებებით

"კურიერმა" გიორგი შაქარაშვილის საქმის ბოლო, მე-17-ე ტომი მოიპოვა, ირკვევა ახალი გარემოებები.

მოპოვებულ მტკიცებულებებში ჩანს, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს შორის სატელეფონო საუბარი ღამის პირველის 47 წუთზე შედგა. ეს არის პერიოდი, როცა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა გურამ ამირხანაშვილი იპოვეს, "მერსედესში" მსხდომებმა კი ორი მგზავრი მცხეთის აგარაკზე მიიყვანა და ტერიტორია დატოვა.

ამ პერიოდში მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვახტანგ ჩიქოვანი ჯერ ნიკა ჟვანიას, შემდეგ კი ერთ-ერთ არასრულწლოვანს ურეკავს, საუბარი ერთ წუთზე მეტხანს გრძელდება, თუმცა უცნობია დეტალები, რას ეხებოდა მათი კავშირი და რაზე ისაუბრეს.

სწორედ ამ პერიოდში გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა ვინმე საბა ჩხარტიშვილს, თუმცა უცნობია მათი კომუნიკაციის დეტალებიც.

მორაგბეების ადვოკატის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, დაუკავშირდნენ თუ არა "ტოიოტა ქამრისა" და "მერსედესის" მძღოლები იმავე ღამეს ერთმანეთს.

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი აცხადებს, რომ პროკურატურას, "ტოიოტა ქამრში" მსხდომ ადამიანებზე ჯოხის გადატეხა არ გამოუვა. 

"არანაირი გარემოებები არ არსებობს, რომ რამე ნაწილში, რაშიც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი დადასტურდეს და მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. როგორც არ უნდა მოინდომოს პროკურატურამ ჯოხი გადატეხოს "ტოიოტა ქამრში" მსხდომ ადამიანებზე, ეს ვერ გამოუვა,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

თემურ ბარბაქაძის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ "ტოიოტა ქემრში" მყოფ პირებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფს კომუნიკაცია არ ჰქონია.

"თემურ ბარბაქაძეს სატელეფონო საუბარი არ ჰქონია "ტოიოტაში" განთავსებულ პირებთან და ეს დასტურდება. ოთხის ნახევარზე ურეკავს შერმადინს, რომელიც "მერსედესში" იყო, თუმცა რაზე ჰქონდათ კომუნიკაცია არ ვიცი, სავარაუდოდ უბრალოდ მოიკითხა ჩავიდა თუ არა ადგილზე, რადგან მეგობრები არიან,"- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით კი, გამოძიება ყველანაირ ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმასაც განიხილავს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილი ხიდის ქვეშ ყოფილიყო. 

მირიან ნიკოლაძის თქმითვე, საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა.

"დანიშნული ექსპერტიზების დასკვნებს ველოდებით, რომელმაც შეიძლება სერიოზული კორექტივები შეიტანოს საქმეში. დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნასაც არ გამოვრიცხავ,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები