26 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები განახლდა - შსს-ში რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიბარეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს გამოკითხვები განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიბარეს. მათგან ერთი არასრულწლოვანია. მან ადვოკატთან ერთად საგამოძიებო პროცესის შემდეგ უწყება უკომენტაროდ დატოვა. 

გამოძიება კონკრეტულ გარემოებებს აზუსტებს ბარბარე ურიდიასთან, რომელიც ანა გაბეჩავას დაბადების დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე, ნარეკვავის დასახლებაში, წინასწარ ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. როგორც ბარბარე ურიდიამ უწყებაში შესვლამდე მოკლე კომენტარში განაცხადა ის წვეულების შემდეგ თემქაზე არ ყოფილა და ლისზე წავიდა, ასევე მისი თქმით, ლისზე არ ყოფილა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე:

"არ ვიცი, თემქაზე არ ვყოფილვარ მე ვიყავი ლისზე და ლისიდან წავედი სახლში, ლისზე ფოტოგრაფი არ იყო," - აცხადებს ბარბარე ურიდია.

გამოძიება კიდევ ერთი პირით დაინტერესდა. სამინისტროში დაიბარეს ახალგაზრდა ნაძალადევის რაიონიდან, რომელიც საქმეში უკვე დაპირისპირების ეპიზოდში ჩნდება. მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გამოძიება სხვა პირებითაც დაინტერესდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები