18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
საბედისწერო დაბადების დღის სტუმრების დაკითხვა გრძელდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი ექსპერტიზა დაინიშნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საქმის მოწმეთა ნაწილი ხელმეორედ გამოიკითხა, მათ შორის, ბარბარე ურიდია, რომელიც ანი გაბეჩავას დაბადების დღის ერთ-ერთი სტუმარია. ურიდია ლისის სახლის ეპიზოდში ფიგურირებს. გამოძიებამ მისგან 19 ივნისის ღამეს გადაადგილების დეტალები დააზუსტა.

გამოკითხულთა შორის იყო წვეულების კიდევ ერთი მონაწილე, რომელმაც აგარაკი მისვლიდან 10 წუთში დატოვა, კურიერის ინფორმაციით, ის ჩიქოვანის მეგობარია.

გამოკითხვაზე დაიბარეს მიშა ბეშიძეც, ის "ტოიოტა ვიტსის" მგზავრია. აღნიშნული მანქანა არაგვის ხიდზე არასრულწლოვანი გ.მ-ს წამოსაყვანად წავიდა, რომელიც, დაპირისპირების პირველ ეპიზოდში ფიგურირებს და მცხეთიდან გამვლელ მანქანას მოჰყვება. მიშა ბეშიძემ სამინისტროს დატოვების შემდეგ თქვა, რომ გამომძიებლებს მასთან კითხვები არ ჰქონდათ.

"ტოიოტა ვიტსის" მგზავრები ეტაპობრივად იკითხებიან, უკვე გამოიკითხა გიგა ბუცხრიკიძე. ის ჰყვება, რომ საგურამოში უბნელი არასრულწლოვანის გ.მ-ს წამოსაყვანად 2 პირთან, მათ შორის, მიშა ბეშიძესთან ერთად დაახლოებით, ღამის პირველის ნახევრისთვის წავიდა, თუმცა, ნატახტართან შეიტყო, რომ გ.მ უკვე თბილისში ბრუნდებოდა და თავადაც მობრუნდა. საინტრესოა, ვინ ამბობს სიმართლეს, ცნობილია, რომ პირველის ნახევრისთვის არასრულწლოვან გ.მ. მეგობართან ერთად ჯერ კიდევ მცხეთაში იმყოფება, ისინი გამვლელ მანქანას თბილისში პირველიდან-ორ საათამდე შუალედში მოჰყვებიან.

შაქარაშვილის საქმეზე გარდა მოწმეებისა, დაიკითხნენ გარდაცვლილის მეგობრებიც. ჩვენებებით ირკვევა, რომ შაქარაშვილის მეგობრებმა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ გვიან ღამით ამირხანაშვილისგან შეიტყვეს, დილით კი, ოჯახთან და ამირხანაშვილთან ერთად მის მოსაძებნად მცხეთაში წავიდნენ.

ახალი ჩვენებებით, რომელიც მე-18-ე ტომში დევს, ცნობილი გახდა, რომ არაგვის ხიდზე საბურთალოელები ახვლედიანის დასახმარებლად 3 მანქანით წავიდნენ. მათ შორის იყო ის თეთრი ტაქსი, რომელმაც ახვლედიანი და ქათამაძე თბილისში წამოიყვანა, მას უკან მოჰყვება "ლექსუსისა" და "ჰიუნდაის" ავტომანქანა, ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ მგზავრები მიმდებარე ტერიტორიაზე გურამ ამირხანაშვილსა და გიორგი შაქარაშვილს ეძებენ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი . გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები