22 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ქალს ძაღლი თავს დაესხა და დაგლიჯა - "კურიერმა" შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები მოიპოვა

უმძიმესი კადრები, რომელიც კურიერმა მოიპოვა. ვიდეომასლაში ჩანს, როგორ ესხმის თავს ძაღლი ქალს. შემთხვევა თბილისში გუშინ, საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. რა დროსაც შუახნის ქალს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.

ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, ძაღლი აგრესიით მხოლოდ ცხოველების მიმართ გამოირჩეოდა. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი იხსენებს, თუ როგორ დაგლიჯა აღნიშნულმა ძაღლმა ერთ-ერთი მეზობლის ჰასკი.

ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარი კი აცხადებს, რომ 3 წლის პიტბულს არასდროს არავისთვის არ უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.

რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს, პაციენტს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 67 წლის ქალს ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოზე აქვს, ასევე ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არის არასტაბილური, უტარდება ყველა ის ღონისძიება რაც საჭიროა.

ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავი და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა," - აღნიშნა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

დაშავებულის შვილი ამბობს, რომ ის პოლიციაში სარჩელის შეტანას და ძაღლის მეპატრონეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ძაღლის მეპატრონეებმა სიფრთხილე არ გამოიჩინეს და ძაღლი, რომელიც ე.წ. მებრძოლი ძაღლების კატეგორიას მიეკუთვნება უყურადღებოდ დატოვეს.

"ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადარჩება თუ არა ესეც არ ვიცით. ყველა მეზობელს აქვს მაგაზე პრეტენზია მე როგორც გუშინ გავიგე, დაუგლეჯია ძაღლი, უკბენია პატრონის მეგობრებისთვის არა ერთხელ. მე პოლიციაში დღეს ვარ დაბარებული და პასუხისმგებლობა უნდა აგოს," - განაცხადა დაშავებული 67 წლის ქალის შვილმა.

დღის ამბები