გიორგი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი და პრი, რომელიც ანი გაბეჩავას წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა, "კურიერს" ესაუბრა. ჩვენებების მიხედვით, დაპირისპირება საბედისწერო წვეულებაზე სწორედ დიჯეის გამო დაიწყო, რასაც თავად კონსტანტინე ღიბრაძე უარყოფს.
დიჯეი, 18 ივნისის ღამეს და საბედისწერო მარშრუტს კიდევ ერთხელ, ამჯერად "კურიერთან" დეტალურად იხსენებს. კონსტანტინე ღიბრაძე ადასტურებს, რომ კონფლიქტის შემდეგ, დაკარგულ ახლადშეძენილ მეგობრებს ეძებდნენ.
"რა თქმა უნდა, მეც მომხვდა, თუმცა ვინ იყო ვერ გავარკვიე, რადგან სიბნელე იყო. ჩვენ იმდენად ლაღად და აუღელვებლად მოვდიოდით ექვსივე, რომ წარმოდგენაც არ გვქონდა რა უნდა მომხდარიყო. მოტივი, არც მე, არც გიორგიმ და არც ახვლედიანმა არ ვიცით. რატომ განხორციელდა თავდასხმა ჩვენს მიმართ, დღემდე არ გვესმის,"- აცხადებს შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე კოკო ღიბრაძე.
კონსტანტინე ღიბრაძე ყვება თავის მეგობრებზეც. ის იხსენებს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა კონფლიქტის შემდეგ, ვახო ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს. დიჯეი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები გაიქცნენ ის თბილისში ჩამოვიდა, ამის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, მას დაუკავშირდა, როგორც ვახო ახვლედიანი, ასევე გიორგი ქათამაძე. მათ დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც კოკო ღიბრაძემ დასახმარებლად თავის მეზობლებს მიმართა. კოკო ღიბრაძე ასევე ამბობს, რომ ისინი ადგილზე დაშავებულების წამოსაყვანად ჩასვლის დროს, ცდილობდნენ სხვა დაკარგული ახალგაზრდებიც მოეძებნათ.
"ახვლედიანი ადასტურებს, რომ გინებით მოგვდევდნენ საცემად. ის დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მირეკავს, რომ ნაცემები არიან და ამიტომ თავს შეუძლოდ გრძნობენ. ქათამაძეც დამიკავშირდა. მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ დახმარება მეთხოვა ვინმესთვის, ამიტომ, მივედი ჩემთან ეზოში და ჩემს მეზობლებს დახმარება ვთხოვე. მათ ვთხოვე, რომ წამოეყვანა ბიჭები შემთხვევის ადგილიდან. ამის შემდეგ, ახვლედიანი და ქათამაძე უკვე ეზოში ვნახე ჩემთან. ქათამაძეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. ამაზე მოვახდინეთ რეაგირება და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. რაც შეეხება ახვლედიანს, მას შემოხეული ჰქონდა პერანგი და იმის გამო, რომ სახლში ასეთ მდგომარეობაში ვერ ავიდოდა - ეს შემოხეული პერანგი გადააგდო. ვიცოდი, რომ 5 ადამიანი იყო იქ და ვათვალიერებდით მიმდებარე ტერიტორიას გზაში - წასვლისას და წამოსვლისას,"- აღნიშნა კოკო ღიბრაძემ.
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე კოკო ღიბრაძე აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.