საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოჯახს უკვე შეხვდა წითელი ჯვარი და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.
47 წლის მამაკაცი 3 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარმა მღებრიშვილს ცეცხლი გაუხსნა. პარალელურად ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.
უწყების შენობასთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არიან შეკრებილები.
47 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წითელი ჯვრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება და თავს კარგად გრძნობს.
ოჯახის წევრების ვარაუდით, ხვიჩა მღებრიშვილი სავარაუდოდ ციხიდან იმაზე მალე გამოვა, ვიდრე ამას ამბობენ.
"ჩატარდა სასამართლო, მიუსაჯეს ორ თვიანი წინასწარი. ახლა არის ასეთი განწყობა, რომ თითქოს იმაზე მალე გამოვა, ვიდრე ითქვა. თუ ის სამ დღეში გამოვიდა ანუ დამნაშავე არ არის, თუ დამნაშავეა ორი თვის პატიმრობას არავინ აკმარებს,"- განაცხადა ნათელა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, მის მხარდასაჭერად დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტკისაოკუპაციო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ.
აქციაზე მივიდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.
"აუცილებელია, რომ მთავრობას მრავალჯერ შევახსენოთ ეს ამბავი და ასევე ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, რომ ოკუპაცია ძალიან მალე დასრულდეს,"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.