18 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე 21 ტომამდე გაიზარდა - საგამოძიებო უწყებამ არჩილ გაგნიძის ადვოკატებს ამოცნობის ექსპერიმენტში მონაწილეობის შესახებ აცნობა

გიორგი შაქარაშვილის საქმე 21 ტომამდე გაიზარდა. დღეს ადვოკატების ნაწილმა ახალი მასალები ჩაიბარა. რამდენიმე წუთის წინ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა გლდანის ციხე დატოვეს. ისინი დაკავებულს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეხვდნენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მათ ამოცნობის ექსპერიმენტში მონაწილეობის შესახებ აცნობა.

არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის თქმით, ისინი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებენ, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ აბსტრაქტული ოქმი იქნა წარმოდგენილი, რაზეც  დეტალების დაზუსტების გარეშე თანხმობას ვერ განაცხადებდნენ.

"დაგეგმილი არაფერი არ იყო წინასწარ, რაღაც აბსტრაქტული ოქმი იყო, რომელიც შეიძლება ყველაფერზე გავრცელებულიყო. ჩვენ ვუთხარით, რომ კონკრეტულად გვითხარით თარიღი, ვის მიერ ხორციელდება ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება, რა უნდა ამოიცნოს, რასთან მიმართებაში და ჩვენ უკვე შემდგომში განვიხილავთ და დეტალურად გეტყვით პასუხს. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ასე წინასწარ განუსაზღვრავ საგამოძიებო მოქმედებებზე, ცხადია, ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებთ," - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა. ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარდეს.

გამოძიების ვადის გაგრძელებას გამოეხმაურა გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძეც. მისი თქმით, ვადის გაგრძელებაში არაჩვეულებრივი არაფერია, თუმცა ეს შედეგიანი უნდა იყოს და ღირებული მტკიცებულებების შეგროვება უნდა მოხდეს.

"გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით პანაციურად არ მიმაჩნია, მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი საქმეა, რადგანაც გაცილებით მარტივ საქმეებშიც ჩვეულებრივად ხდება. მთავარია ის, რომ ამ გადადებულმა და გაგრძელებულმა ვადებმა მოგვცეს შედეგი. დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა უმოძრაობა. თუმცა მარტო მოძრაობას და დამატებით დაკითხვებს და გამოკითხვებს, თუ მას არ მოჰყვა შესაბამისი ღირებული მტკიცებულებების შეგროვება, ამ შემთხვევაში აზრი არ ექნება. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს n-რაოდენობით მოძრაობა რაღაც გარკვეულ შედეგს მოიტანს,"- აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები