19 ოქტომბერი 2021,   10:29
ვრცლად
30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - დაზარალებული ოჯახის ადვოკატი ეჭვიანობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიკე კასიმოვას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის სახით უმკაცრეს ზომას დღეს 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული არ შეეწინააღმდეგა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბიკე კასიმოვა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტები სრულად გაიზიარა, რაც მიმალვის საფრთხეს და მოწმეებზე ზემოქმედებას ეხებოდა.

საკუთარი სიმართლის დამტკიცებას მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატთან ერთად მომდევნო პროცესებზე გეგმავს. 45 წლის ქალი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებს. საქმეში მეუღლის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. იმ 2 პირს კი, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ და დღეს ბიკე კასიმოვას მსგავსად პატიმრობა შეეფარდათ, ვერ იხსენებს.

დაზარალებული ოჯახის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას მოსალოდნელს უწოდებს. მოტივად ეჭვიანობის ვერსიის განხილვას კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ციცი ბაბუნაშვილის თქმით, მოკლულს ბრალდებულის მეუღლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს, რომელმაც გამოძების ვერსიით, მეგობარს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოკლულის დედა განაჩენის ამ ნაწილს არ ემხრობა და ბიკე კასიმოვასთვის სასჯელის უმკაცრეს ზომას ითხოვს. 

მკვლელობა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. ბრალდებული 45 წლის ქალია, რომელსაც მსხვერპლთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ელისო ჩეჩელაშვილს სახლში მიაკითხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოცხალი იყო და შველას ითხოვდა, თუმცა სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. მისი მეგობრები მეზობლებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები