23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაუსვენებიათ საკუთარ სახლში. გოგონა თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.
ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ წერილი, რომელიც მანქანაში იპოვეს, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ამიტომ ბაჩალიაშვილები მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.
საქმეში, ოჯახის სურვილით, უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც.
"ჩვენი ძალებით შევედით სოფელ გოლთეთში, ჩვენ თვითონ გამოვკითხეთ და მერე დავუკავშირდით თეთრიწყაროს პოლიციას, მოვიყვანეთ და მერე გაესაუბრნენ. თავს იმართლებდნენ იმ მიზეზით, რომ 24 საათის განმავლობაში არ გვაქვს რამე მოქმედების ჩატარების [უფლება]," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი.
ის გამორიცხავს, რომ შემთხვევა სუიციდს უკავშირდება.
"თამარი იყო წარმატებული პიროვნება, ჰქონდა საკუთარი სამსახური, ანაზღაურება, კარიერა, ოჯახში მშვენიერი ატმოსფერო სუფევდა," - აღნიშნავს გარდაცვლილი ქალის ბიძა.
თამარ ბაჩალეიშვილის ცხედრის პოვნიდან მალევე მშობლებმა ადვოკატი აიყვანეს. საქმეში მიხეილ რამიშვილი ჩაერთო. დაქირავებულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც გარდაცვლილის გამოკვლევაში მიიღებს მონაწილეობას.
ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილში გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იპოვნეს. მისივე ინფორმაციით, ნაპოვნია საფულე წერილებით და ერთ-ერთის შინაარსის მიხედვით, გოგონა უცნობ ადრესატს ეუბნება, რომ შეუძლია მისი ანაბარი გამოიყენოს. ასევე, ნაპოვნია მედიკამენტები და დღიური.