მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას დღეს გორის საგამოცდო ცენტრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე გაეცნო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გორის საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოქმედ ცენტრებში, პროცესი მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გორის საგამოცდო ცენტრში 23 ივლისს 200-მდე მასწავლებლობის მსურველმა და 40-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.
მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.