პანკისის ხეობა შერიგების მოლოდინშია - ერთ დღიანი დაძაბულობის შემდეგ, კახეთში სიტუაცია განიმუხტა. ხეობაში, სადაც ფაქტობრივად არასდროს ხდება ეთნიკურ ქისტებთან დაპირისპირება, დღეს სიტუაცია მოკლული ქათმის გამო დაიძაბა.
ერთმანეთს ფიზიკურად დუისისა და მატანის ახალგაზრდობა დაუპირისპირდა. დღის პირველ ნახევარში ვითარება იმდენად რთული იყო, რომ პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა საქმეში უხუცესებიც ჩაერთნენ. მატნელები დუისელი თანატოლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პანკისისკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.
პანკისის უხუცესებს ასეთი რამ ჯერ არ უნახავთ - კონფლიქტი ქათმის გამო მეზობელ სოფლებს შორის დღეს იმდენად გამწვავდა, რომ მატანის მცხოვრებლებმა საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, როცა დუისში ავტომობილით ქათამი გაიტანეს. ამ ფაქტს იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მატანის მოსახლეობა ირწმუნება, რომ სოფლის ორი მცხოვრები სასტიკად ნაცემია. ისინი ინციდენტში მონაწილე პანკისელების დასჯას მოითხოვენ.
პანკისში ადასტურებენ, რომ კონფლიქტის მიზეზი ქათამია, თუმცა ამბობენ, რომ ვითარება მატნელების ქცევამ გაამწვავა.
ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინციდენტის გამო ორ სოფელს შორის არსებულ უთანხმოებას, როგორც ჩანს, სხვა წინაპირობებიც აქვს. პანკისელები ირწმუნებიან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათი მეზობელი სოფლის მცხოვრებლები კანონს არღვევენ, თუმცა არ ისჯებიან.
ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით საჯარო განმარტების გაკეთება თავად მატანელებმა დღეს არ ისურვეს. ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მხარს შერიგებას უჭერენ და მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. მართალია დაპირისპირებულ მხარეებს შორის დღეს შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას კიდევ ერთხელ 2 დღეში ეცდებიან.