18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
რატომ ითხოვდა სამსახურიდან სარეკომენდაციო წერილს გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე - საეჭვო გარემოებები თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მთავარი კითხვა ახლა ისაა, ვინ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე. მშობლებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება გარემოებებს დაადგენს. 23 წლის პროგრამისტი დღეს დაკრძალეს. ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან ჯერ სკოლის ეზოში, შემდეგ კი სასაფლაოზე გადაასვენეს. 

გაჩნდა გარკვეული გარემოებები, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ოჯახის თითქმის ყველა კითხვის მიმართულება პროგრამისტის სამსახურს და მის საქმიანობას, კომპანია "ზეგ"-ს უკავშირდება.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გოგონა კომპანიისგან, რომელიც მან გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე დატოვა, სარეკომენდაციო წერილს ითხოვდა.

კომპანია "ზეგ"-ის დირექტორს მან ამის შესახებ მობილურ ტელეფონზე მისწერა. სამომავლოდ საქმიანობის დახასიათების დოკუმენტი ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ სხვა სამსახურისთვის სჭირდებოდა. მაშინ ისმის კითხვა, რატომ მოითხოვდა სარეკომენდაციო წერილს ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე, თუ მას თავის მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა.  

ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგ"-ში 2017 წლის აგვისტოდან მუშაობდა. ის თავდაპირველად გამოსაცდელი ვადით აიყვანეს, მალევე კი მუდმივი თანამშრომლის სტატუსი მიიღო. ირკვევა ისიც, რომ გოგონას პროფესიონალიზმით კომპანია კმაყოფილი იყო, ჰქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები. კომპანიის იურისტის ამ განცხადების მიუხედავად აქაც ისმის კითხვა - მაშინ რატომ იღებს ბაჩალიაშვილი ღამის 4-ის ნახევარზე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას, რასაც თანამშრომელთან გაგზავნილი მესიჯიც ადასტურებს. 

საეჭვო გარემოებებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ჯერ არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ შესაძლოა ამით გამოძიებას ხელი შეეშალოს, თუმცა რამიშვილის მტკიცებით, ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც ჩანს. ადვოკატი საქმის მასალებს ეტაპობრივად ეცნობა და როგორც ვარაუდობს, ჯერჯერობით იქ საეჭვო ვერაფერი ნახა. ის ახლა კომპანიის იურისტის მსგავსად ტექნიკის გაშიფვრის მოლოდინშია, ასევე დრონების ვიდეო კამერების ამოღებას ითხოვს და კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ამ ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ დადგინდება ეკუთვნის, თუ არა მანქანაში ნაპოვნი ჩანაწერი თავად გარდაცვლილს - სადაც გაურკვეველ ანაბარზეა საუბარი.

ანაბრის შესახებ ნაპოვნი ჩანაწერის ირგვლივ კითხვები აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახსაც, ჭირისუფლები იმასაც ამბობენ, რომ ტერიტორია სადაც მწყემსმა მანქანა იპოვა, თავადაც ჰქონდათ დათვალიერებული რამდენიმე დღით ადრე.

თვითმკვლელობამდე მიყვანა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. გამოძიება ახლა ყველა ვერსიაზე მუშაობს, სწორედ სამართალდამცველებმა და საბოლოო ექსპერტიზის დასკვნამ უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება, ეს იყო ნებით, თუ იძულებით სიკვდილი.

 

დღის ამბები