19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებებია. მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით გარდაცვლილის ოჯახმა გაარკვია რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. ბიძის ვერსიით, ფეხბურთელის დაღუპვაში "ტოიოტა ქამრის" მგზავრები მონაწილეობდნენ - ვახო ჩიქოვანი, არასრულწლოვანი ზ.ხ, ა.ქ, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ავტომობილის მძღოლი - ვასილ მახარაძე. მირიან ნიკოლაძე დარწმუნებულია, რომ არაგვის ხევამდე გიორგი შაქარაშვილს ვახო ჩიქოვანი და 2 არასრულწლოვანი მისდევდა, მდინარესთან კი ფეხბურთელს გაგნიძე და რევაზიშვილი დახვდნენ, ალყაში მოაქციეს, სცემეს და მდინარე არაგვს გააყოლეს.
სწორედ ესაა ის 6 პირი, ვის მიმართაც, შაქარაშვილის ოჯახი ბრალის დამძიმებას ითხოვს. მირიან ნიკოლაძის თქმით, ამ ექვსეულმა ნახა გიორგი უკანასკნელად და სწორედ მათ ემუქრებათ 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით გასამართლება, თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთი დაკავებულის ბრალის კვალიფიკაცია არ შეცვლილა. საიდან იცის მირიან ნიკოლაძემ თუ რა მოხდა არაგვის ხევში? - ის ვახო ახვლედიანისა და გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებს ეყრდნობა, თუმცა, სად დევს ოქროს მოწმის, შაქარაშვილის მეგობრის ახალი ჩვენება უცნობია, ფაქტია, რომ 22-ე ტომში მხოლოდ ვახო ახვლედიანის ახალი ჩვენებაა. გურამ ამირხანაშვილი კი გამოძიებამ ჯერ კიდევ 9 ივლისს გამოკითხა.
შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დეტალების აღდგენა დაიწყეს ოქროს მოწმეებმა. ვახო ახვლედიანი განახლებულ ჩვენებაში დეტალურად აღწერს რა მოხდა არაგვის ხიდზე და მის ქვემოთ. მისი ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხევში 3 პირი - ჩიქოვანი, არასრულწლოვანი ზ.ხ. და ა.ქ ჩაჰყვნენ. ახვლედიანის ჩვენებით ირკვევა ისიც, რომ უშუალოდ ხიდზე, დაპირისპირების საწყის ეტაპზე მათთან ერთად არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილიც იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ხვალ მცხეთის რაიონული სასამართლო დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის აღკვეთის გადასინჯვაზე იმსჯელებს. მათ ადვოკატებს იმის მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება, არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ რეალური არგუმენტები და მტკიცებულებები მათი ბრალის დასამტკიცებლად არ არსებობს.
31 ივლისს დაკავებული არასრულწლოვნების პირველი სასამართლო პროცესია. შაქარაშვილის საქმეზე საერთო ჯამში 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულებიდან ჯერ არც ერთისთვის გამოძიებას 109-ე მუხლი არ წარუდგენია.
ავტორი: სალომე უერთაშვილი