26 დეკემბერი 2024,   17:52
ვრცლად
მკითხეს გვარი და სახელი, რომელიც არაფერს არ მაძლევს და ვერც დავიმახსოვრე - ლერი სულაბერიძე სავარაუდო თავდამსხმელზე

ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი სულაბერიძე, რომელსაც გუშინ წყნეთის გზაზე ესროლეს, აცხადებს, რომ პოლიციაში მას სავარაუდო დამნაშავის სახელი უთხრეს, თუმცა იმის გამო, რომ ეს ვინაობა არაფრის მომცემი იყო, არც დაამახსოვრდა:

"მე მკითხეს გვარი და სახელი, რომელიც არაფერს არ მაძლევს და ამიტომ სიმართლე გითხრათ ვერც დავიმახსოვრე," - განაცხადა ლერი სულაბერიძემ.

მისი თქმით, ავტომობილი, საიდანაც მას ესროდნენ, მუქი ფერის იყო, თუმცა მძღოლი ისროდა თუ არა, მას არ დაუნახავს.

ფიგურირებს თუ არა საქმეში ვიდეოჩანაწერები, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ლერი სულაბერიძის კიდევ ერთ ადვოკატს. შოთა მანელიძემ ასევე კომენტარი გააკეთა დინამოს წილებზე არსებული დავისა და გუშინდელ ინციდენტს შორის კავშირზე და აღნიშნა, რომ ლერი სულაბერიძე ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"ბატონი ლერი არც არაფერს ადასტურებს არც უარყოფს, თეორიულად რაღაცა რაღაცასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს, სამართლებრივი დავა დინამოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ბოლო ეტაპზეა, თუმცა რაიმე სახით დაკავშირებულია თუ არა ეს საკითხი ამ გუნდის შემდგომ ბედთან, ეს ჩემთვის უცნობია," - აცხადებს შოთა მანელიძე.

დამნაშავის ამოცნობას არ ადასტურებს ადვოკატი ირმა ჭკადუა და ამბობს, რომ ეს პროცედურა ჯერ არ ყოფილა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა "დინამოს" წილებთან იყოს დაკავშირებული, რომელზეც დავა ამ დრომდე გრძელდება. 

ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს ლერი სულაბერიძეს "დინამოს" სტადიონთან საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები