ზუსტად 2 საათში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი დაიწყება. 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, რა შუამდგომლობებს დააყენებენ პროცესზე ადვოკატები, ამის შესახებ უფლება დამცველებს "კურიერი" ესაუბრა.
"არაერთი შუამდგომლობა გვაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზ.ხ-ს მიერ ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან," - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.
კიდევ ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველი ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს, რადგან ის არაა სათანადოდ დასაბუთებული:
"მაქვს შუამდგომლობა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის მკაცრი დაუსაბუთებელი, განსაკუთრებით არასრულწლოვნის მიმართ, როდესაც უნდა იყოს დასაბუთებული ის უკიდურესი აუცილებლობა, რაც შეეხება არასრულწლოვანს და მის პატიმრობას, ეს ვერ იქნა დასაბუთებული. სუფთა სამართლებრივად მაქვს მოლოდინი, რომ უნდა შეიცვალოს, რადგანაც არ არსებობს წინაპირობები მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის," - აღნიშნა ზაქარია გვშიანმა.
აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნას აპირებს ადვოკატი როსტომ კერესელიძეც:
"მოვითხოვთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს პატიმრობა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახით, კერძოდ გირაოთი,"- განაცხადა როსტომ კერესელიძემ.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.