გვარების შერიგების კიდევ ერთი მცდელობა პანკისში - დღეს დილიდან ხეობაში უხუცესები იკრიბებიან. საქმე უკავშირდება 2019 წელს მომხდარ ვისო მუთოშვილის მკვლელობას, რომელშიც ქავთარაშვილებიც ფიგურირებენ.
აქამდე შემდგარი შერიგების რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. იყო სისხლის აღების მუქარაც.
დღევანდელ შეხვედრამდე, სროლა იყო სოფელ დუისში, ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლის მისამართით. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ინციდენტიც სწორედ ამას უკავშირდება.
"სათხოვრად მივიდნენ იმათთან, რომ აპატიონ სისხლი. ამიტომ იკრიბება ეს ხალხი. ადრიდანვე იყო დათქმული ეს სხდომა. ვნახოთ, რა იქნება,"- აცხადებს სხდომის ერთ-ერთი მონაწილე ჯარაფ ხანგოშვილი.
"სათხოვნელად ვართ მოსულები, მთელი ხეობა შეკრებილია სისხლის პატიებაზე. მოლოდინი არ ვიცით. პირველი მცდელობა არ არის, ბევრი მცდელობაა და ვნახოთ როგორ იქნება,"-აცხადებს სხდომის ერთ-ერთი მონაწილე თამაზ ბაღაკაშვილი.