08 სექტემბერი 2026,   14:55
ვრცლად
რომელი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, როდესაც კამერებში მხოლოდ ის ჩანს, რომ მანქანამ რამდენჯერმე ჩაიარა - ირაკლი ღლონტის ადვოკატი

კიდევ ერთი სასამართლო პროცესი - ამჯერად დანაშაული უკავშირდება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმას.

ამ საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტის პატიმრობის კანონიერებაზე, დღეს, სასამართლო იმსჯელებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. რაც წინააღმდეგობაში მოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველად ვერსიასთან, რომ დაკავებულმა ირაკლი ღლონტმა ბრალი აღიარა.

თავად ირაკლი ღლონტის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლიდან არანაირი საბრძოლო მასალა არ არის ამოღებული და ამ საქმესთან დაკავშირებით, ბევრი დეტალი გაურკვეველია. 

"ირაკლი ღლონტის სახლიდან არანაირი საბძოლო მასალა არ გახლავთ ამოღებული. ნაქირავები ბინიდან არის ამოღებული ერთადერთი ტყვია, რომელიც გასროლილი არ არის. გაურკვეველია ვის ეკუთვნის ეს ტყვია. გაურკვეველია რომელი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, როდესაც კამერებში მხოლოდ ის ჩანს, რომ მანქანამ ჩაიარა რამდენჯერმე. თუ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, ამ შემთხვევაში, რატომ ვერ მოახერხა დაზარალებულმა მისი ამოცნობა," - აცხადებს ირაკლი ღლონტის ადვოკატი ლევან მახარაშვილი. 

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე ორი დღის წინ, წყნეთის გზაზე მოხდა. სახლისკენ მიმავალ სულაბერიძეს გასროლილი 5 ტყვიიდან არცერთი არ მოხვედრია.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. 

ლერი სულაბერიძე - ყოფილი ფეხბურთელი, ვერის საძმოს ყოფილი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ყოფილი ხელმძღვანელია. თითქმის 20 წელია სულაბერიძე "დინამოს" 100 %-იანი წილის დასაბრუნებლად  სამართლებრივად დაობს.

სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმა პირველად არ მომხდარა - მისი მისამართით 1999 წლის 6 მაისსაც ისროლეს. არსებობს თუ არა კავშირი ძველ დაპირისპირებებსა და ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს შორის, ამაზე ღიად არავინ საუბრობს.

დღის ამბები