08 სექტემბერი 2026,   17:06
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს გიორგი რურუა. ისინი გიორგი რურუას პოლიტპატიმრებად თვლიან და აცხადებენ, რომ ეს საქმე არის მაგალითი, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას პოლიტიკურ იარაღად. 

"ქვეყანას ელახება პოლიტიკური სახე - ეს მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციაზე, აღრმავებს ქვეყანაში სიღარიბეს. გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი, კეთილი ინებოს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და დაუჯეროს ჩვენს პარტნიორებს,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას საქმეზე დამდგარი გადაწყვეტილება აზიანებს პოლიტიკურ კლიმატს, ხოლო გამოსავალი პრეზიდენტის მხრიდან მისი შეწყალებაა. 

"მსგავსი გამოყენება სასამართლოში წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან აზიანებს პოლიტიკურ კლიმატს. სწორედ ამას გვეუბნებოდა ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებიც, სწორედ ამიტომ იყო გიორგი რურუას საქმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. რა თქმა უნდა, უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ეს გამოსავალი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალება. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავაც მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად გიორგი რურუაც უნდა შეიწყალოს. 

"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მთავარი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს ქვეყანაში და დამოუკიდებელი, ისიც ერთგვარ სათამაშო თოჯინას წარმოადგენს ივანიშვილის ხელში და, აქედან გამომდინარე, როგორც ბატონი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მოხდა, ამ ფორმით შესრულება იმ ვალდებულებისა, რაც აღებული ჰქონდა "ქართულ ოცნებას," ივანიშვილს, ასევე მოუწევთ რურუას შემთხვევაშიც,"-განაცხადა გიორგი გუგავამ.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები