გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს ვახო ჩიქოვანს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. თამაზ ხომასურიძე აპირებს რომ მას ამისთვის უჩივლოს კიდეც:
"ვახოს მე ვუჩივლებ ცრუ ჩვენებაზე, ფერადი შენობა რომ არის, ბოლოს ვახო ჩიქოვანმა მიირბინა, გული ეტკინა, ჩაიკუზა, ჩემს შვილს სთხოვა, რომ წადი მანქანა მოიყვანე მე ვერ მოვიყვან, ცუდად ვარო, ჩემი შვილი წავიდა მანქანის მოსაყვანად, რომ მოვიდა ჩემი შვილი ვახო ისევ იქ დახვდა," - აცხადებს თამაზ ხომასურიძე.
დღეს მცხეთის სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საკითხს განიხილავს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.
სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.