24 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
პანკისში გვარების შერიგების მორიგი მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა

პანკისში გვარების შერიგების მორიგი მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. მუთოშვილები და ქავთარაშვილები ისევ დაპირისპირების რეჟიმში რჩებიან. 2 საათიანი შეხვედრა, რომელიც სოფელ საკობიანოსთან მოკლულ ვისო მუთოშვილის სახლში გაიმართა, იმ დათქმით დასრულდა, რომ შეხვედრები გაგრძელდება. შერიგების თხოვნით მისულ უხუცესებს მუთოშვილებმა უთხრეს, რომ დრო და ნათესავებთან საუბარი სჭირდებათ.

შეკრების მონაწილეები პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ ქავთარაშვილების სახლთან შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ პანკისის ის მაცხოვრებლებიც, რომლებიც ოჯახში 3 დღის წინაც იმყოფებოდნენ, მაშინ, როდესაც მურად ქავთარაშვილის მისამართით 5-ჯერ ისროლეს. პანკისელები სახლის დაცხრილვის საქმეზე დამნაშავის დაკავებას ელოდებიან და ამ შემთხვევას ვისო მუთოშვილის მკვლელობისათვის სისხლის აღებას არ უკავშირებენ.

პანკისის უხუცესებისთვის ამ დაპირისპირების მოგვარების უალტერნატივო გზა შერიგებაა. როგორც ზელიმხან წუწაშვილი გვიყვება, პანკისში ასეთი შემთხვევების უმეტესობა სწორედ პატიებით დასრულდა.

სისხლის აღებაზე საუბარი მუთოშვილებმა ვისო მუთოშვილის მკვლელობის შემდეგ დაიწყეს. ისინი მურად ქავთარაშვილს  პანკისში შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომლის მონაწილეობით სოფელ საკობიანოსთან 6 შვილის მამა მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. მკვლელობის საქმეზე კი მისი ძმისშვილი არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.

როდის გაიმართება გვარების შერიგების მიზნით მორიგი შეხვედრა უცნობია. არაა გამორიცხული, რომ შემდეგი მცდელობა მომდევნო პარასკევს შედგეს.

დღის ამბები