ლაგოდეხის მოსახლეობა სასმელი წლის ლაბორატორიულად შემოწმებას და მრიცხველების გაუქმებას ითხოვს. ადგილობრივების ნაწილი დღეს ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
მათი განმარტებით, სარწყავი სისტემის არ არსებობის გამო, ბოსტნეულის მოსარწყავად სასმელ წყალს იყენებენ. მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ კი კომუნალური თანხა გაიზარდა და გადახდა უჭირთ.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ონკანებში დაბინძურებული წყალი მოედინება, მაშინ როდესაც ახალი სისტემისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სასმელი წყალი ისევ დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიშია.
აქციას შეუერთდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიორგი ბოტკოველის გამოჩენა მიუღებელი აღმოჩნდა ლაგოდეხის საკრებულოს წევრისთვის "ევროპული საქართველოდან". გიორგი ენუქიძის განცხადებით, მათი პრობლემა გამიჯნულია პოლიტიკისგან და ის აქცია იმყოფება როგორც ადგილობრივი, ოპონენტის გამოჩენა კი აქციას პოლიტიკურ ელფერს შესძენს.
ადგილობრივები მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აქციების გამართვას გეგმავენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ.