რაჭაში მომხდარი სტიქიიდან ოთხი დღე გავიდა, რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
დვალიძეების ოჯახი უკვე მეზობელთან უკვე მეოთხე ღამეს ათენებს. ადიდებულმა მდინარემ მათი ეზო სრულად წაიღო, სახლი კი იმდენად დააზიანა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია.
სტიქიიდან მეოთხე დღეს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 6 სოფელი. აქტიურად გრძელდება შემოვლითი გზების გაყვანის და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მძიმე ტექნიკა ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დაზიანებულ მონაკვეთზე ერთდროულად მუშაობს.
სოფლებში, სადაც საავტომობილო გზა აღარ არსებობს, სისტემატურად სრულდება ფრენები. ვერტმფრენების საშუალებით ადგილობრივებს პროდუქტებით და მედიკამენტებით ამარაგებენ. ვისაც გადაადგილების აუცილებლობა აქვთ, ავიარეისებით სოფლებიდან გამოჰყავთ. დღევანდელი მონაცემებით სტიქიის ზონიდან საჰაერო გზით 500-მდე ადამიანია გამოყვანილი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას განაგრძობს. პარალელურად, კომისია მასშტაბური ზარალის დათვლას განაგრძობს.
სტიქიის ზონას სწავლობენ გეოლოგები. სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს დაზიანებული მონაკვეთები და მდინარეების სათავეები. მათი წინასწარი შეფასებით ახლო მომავალში ხეობაში სტიქიის განმეორების საშიშროება არ დგას.