COVID-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, COVID-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კვლევის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებების მიმართულება. კვლევის მიზანია პანდემიის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, რათა ქვეყანა, როგორც შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს.
დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და COVID-19-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები. კვლევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწვეული ექსპერტები განახორციელებენ, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.