გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგები დაზარალებულ ოჯახს გააცნეს.
ინფორმაცია "კურიერთან" საუბრის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ დაადასტურა.
მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში თავად იმყოფებოდა. მან დაადასტურა, რომ "კურიერის" მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია საგამოძიებო უწყებაში განიხილება.
"კურიერმა" გაარკვია, რომ მცხეთაში, 19 ივნისის დღის პირველ ნახევარში, ავტომობილით ჩასულები იყვნენ ბრალდებულები, მათ შორის იყო ნიკა ჟვანიაც.
"მე ზუსტად ვერ გეტყვით ეს ავტომობილები არის თუ არა რაიმე კავშირში ამ ჯგუფების მეორე დღეს იქ ჩასვლასთან. თუმცა ვადასტურებ, რომ მეორე დღეს ნამდვილად ჩავიდნენ ეს ჯგუფები შემთხვევის ადგილზე,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ვახტანგ ჩიქოვანი, მერაბ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მცხეთაში თეთრი ფერის "მერსედესით" იყვნენ ჩასულები. ახალგაზრდებმა ავტომობილი მეგობარს გამოართვეს.
ავტომობილის მეპატრონის ზარები, 19 ივნისს არჩილ გაგნიძის ტელეფონში ფიქსირდება. ავტომობილის მეპატრონის დედა "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ავტომობილი ნიკას არ ეკუთვნის და მორაგბეებთან მას მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს.
არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი კი აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს და გაგნიძეს ამ თემასთან დაკავშირებით მასთან არ უსაუბრია.
ვასილ მამულაშვილის თქმით, ის პენიტენციურ დაწესებულებაში უახლოეს დღეებში მივა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ არჩილ გაგნიძეს გაესაუბრება.
"სხვისი ავტომობილით სარგებლობა არაფერს ნიშნავს, მე მექნება შეხვედრა არჩილ გაგნიძესთან და აღნიშნულთან დაკავშირებით გავესაუბრები,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე კი აცხადებს, რომ რევაზიშვილი გამოძიებასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.
"გასულ კვირას ნიკოლოზ რევაზიშვილს თბილისის პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილის ერთ-ერთი გამომძიებელი შეხვდა, რომელსაც რევაზიშვილმა ტელეფონის გამხსნელი პაროლი მისცა. ჩვენ საქმეში ვაწყდებით ვიღაც თანამშრომლის პატაკს, სადაც წერია, თითქოს საიდუმლოდ მოიპოვა ნიკოლოზ რევაზიშვილის ტელეფონის პაროლი,"- განაცხადა შოთა კახიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 17 პირი ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.