19 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
ბუსა ჟვანია ბრალის წარდგენის მოლოდინშია - ლევან თოფაძე კი უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ყოფილი პრემიერის შვილი და ყოფილი პარლამენტარის, ბიზნესმენის შვილიშვილი, ამ დრომდე ერთ სივრცეში - კლინიკაში რჩებიან. ბუსა ჟვანია ბრალის წარდგენის მოლოდინშია, ლევან თოფაძე კი რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში.

"კურიერმა" ინცინდენტის დეტალები გაარკვია. ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად მომხდარის ღამეს მთაწმინდაზე "მზესუმზირას" ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მათთან ერთად იყო ბუსა ჟვანიას ყოფილი მეგობარი გოგონა. გამთენიისას თოფაძე რამდენიმე მეგობართან ერთად ჭავჭავაძეზე, საკუთარ სახლში წავიდა, მაგრამ მათ შორის ჟვანიას ყოფილი მეგობარი გოგო აღარ იმყოფებოდა. თოფაძეს ჟვანიამ ტელეფონზე დაურეკა. მათ დიდი ხნის ნაცნობობა და საერთო მეგობრები აკავშირებთ. სატელეფონო საუბრის შემდეგ კი ჟვანია თოფაძეების სახლში მივიდა და კონფლიქტი დაიწყო.

შემთხვევის შედეგად ლევან თოფაძეს მიყენებული აქვს 4 ჭრილობა გულმკერდისა და ბეჭის არეში, ბასრი საგნით. "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, საქმეში მაკრატელიც ფიგურირებს. მუცლის არეში დაჭრილია ბუსა ჟვანიაც, თუმცა ვინ მიაყენა მას ჭრილობა, ამაზე არავინ საუბრობს. ამ დრომდე უცნობია ვინ იცავს ბუსა ჟვანიას ინტერესებს, მხარე მედიასთან არ თანამშრომლობს. ერთადერთი სატელეფონო კომენტარი დღეს ჟვანიას ბიძამ "კურიერთან" გააკეთა.

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, შესაბამისად უცნობია საქმის მასალები მისი ადვოკატისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

დღეს ხალხმრავლობა იყო სახლში, სადაც ორი დღის წინ დაპირისპირება მოხდა. თოფაძეებთან იყვნენ ახლობლები, მათ შორის ჟვანიებისა და თოფაძეების საერთო მეგობრებიც. მძიმედ დაჭრილი ლევან თოფაძის მამა არ არის დარწმუნებული, რომ მისი შვილი ჟვანიამ დაჭრა.

საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები ვაკის რაიონის პირველ განყოფილებაში ამ დომდე გრძელდება. უკვე მეორედ დაიბარეს უწყებაში ლევან თოფაძის ბებია და მეგობრები. დამატებითი დეტალების შესახებ უნდა მოუყვეს გამოძიებას ზუკა აბაშიძემ, რომელმაც თოფაძე საავადმყოფოში მიიყვანა და გოგონამ, რომლის გამოც გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა.

პარალელურად სამედიცინო დაწესებულებაში სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება საქმეზე ოფიციალურად დაკავებული ბუსა ჟვანია. ის ჯერ არ დაუკითხავთ და არც ბრალის დადგენილება წარუდგენიათ.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე, ეს ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც თოფაძის დაზიანებების ხარისხი უნდა დაადგინოს.

დღის ამბები