19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
სტიქია კახეთში - უხვმა ნალექმა მძიმე პრობლემა სოფელ მსხალგორში მცხოვრებ არაერთ ოჯახს შეუქმნა

ღვინიაშვილების ოჯახი, განადგურებული მოსავლითა და დაზიანებული სახლით ახალი რეალობის წინაშე სტიქიამ დააყენა. უხვმა ნალექმა მძიმე პრობლემა სოფელ მსხალგორში მცხოვრებ არაერთ ოჯახს შეუქმნა. ადგილობრივები დილიდან სტიქიასთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ერთი და იგივე საზრუნავი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას აერთიანებს. ნათესების დაკარგვასთან ერთად ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვებულმა წყალმა მოსახლეობის ნაწილს შინაური ცხოველი და ფრინველიც გაუნადგურა.

მომხდარს დაზარალებულების უმრავლესობა მოუწესრიგებელ სანიაღვრე სისტემასთან აკავშირებს. შესაბამისად, მიყენებული ზარალის ანაზღაურებს მოსახლეობა სახელმწიფოსგან ელის.

ყოველწლიური პრობლემის მოგვარებისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით დღეს მოსახლეობა მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიკრიბა. მათ ლაგოდეხის მერიც ჯონდო მდივნიშვილი შეხვდა, რომელიც შექმნილ პრობლემას სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ვერ უკავშირებს. ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურების პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისი კომისია მუშაობას დაასრულებს.

უხვი ნალექით გამოწვეულმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 60-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მოსავლის გარეშე ათეულობით ოჯახია დარჩენილი. ზარალის ანაზღაურების კომისიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

დღის ამბები