გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძე შეხვდნენ.
ადვოკატის შეფასებით, ოჯახის მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI მაქსიმალურად იქნება ჩართული და ოჯახი რამდენიმე დღეში მიიღებს დამატებით ინფორმაციას.
გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა შედგეს გენერალურ პროკურორთანაც.
"მოკლედ, შევხვდით მინისტრის მოადგილეს ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს და ამ შეხვედრას ესწრებოდა ბატონი მამუკა ჭელიძე. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის ფედერალურ ბიუროსთან, გაიგზავნა, რომ არის მზაობა. ახლა მიდის ის პროცესი, თუ რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, რომ როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე კითხვებზე ბოლომდე იყოს პასუხი გაცემული. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი. უკვე მოთხოვნა გაგზავნილია ძალოვანი სტრუქტურებიდან FBI-ში. უკვე ჩვენ გავცვალეთ კომუნიკაციების საშუალებები ერთმანეთთან. უახლოეს დღეებში მოხდება ინფორმაციის გაცვლა. უკვე იწყება რეალურად ქმედებების განხორციელება.
ახლა დაველოდებით ჩვენ პასუხს, შესაბამისად, მივხვდებით, ეს არის ნამდვილად გადადგმული ნაბიჯია და დაიწყო მუშაობა, რაც ოჯახის მოთხოვნაა. თუ დავინახავთ, რომ ეს არის მოჩვენებითი პროცესი შევხვდებით კი არა სამინისტროდან გადავალთ მთავარ პროკურატურაში და იქ მოვაწყობთ ჩვენ მოთხოვნებს და იქ გვექნება ჩვენი პროტესტი. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა, რაც ბატონ ვლადიმერთან იყო არ იქნება მარტო დაპირება.
საბედნიეროდ დრონის მასალა მოსული არის. გარკვეული პირები, ვინც დაიკითხა, იმათ ჩვენებებს გავეცანით, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა, ვერსიებმა იმატა," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, პირი, რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, უკვე რამდენჯერმე დაკითხულია.
"რაც შეეხება ბაჩანას საკითხს, ის დაკითხულია მრავალჯერ. კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობები თამუნასთან, მის სამეგობრო წრესთან," - აღნიშნა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გარდა ამისა, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. დღეს ოჯახი აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში მივიდა.