19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - დაუმძიმდება თუ არა ბრალი "ტოიოტა ქამრში" მსხდომ ექვს ბრალდებულს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი არსებით განხილვას ელოდება. პირველი სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მომდევნო კვირას გაიმართება და მოსამართლე საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს განიხილავს. ადვოკატები დღესაც ამბობენ, რომ მოსამართლემ არასრულწლოვნები პატიმრობაში მტკიცებულებების გარეშე დატოვა.

სასამართლო სხდომების მოლოდინში არიან, როგორც სრულწლოვანი ბრალდებულები, ასევე დაზარალებული მხარეც. წინასასამართლო სხდომა თვის ბოლოს გაიმართება, სადაც მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნა ამ დრომდე უცვლელია, ითხოვენ, რომ 31 აგვისტომდე "ტოიოტა ქამრში" მსხდომ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს და მათ მიმართ სისხლის სამართლის წარმოება 109-ე მუხლითაც დაიწყოს. შაქარაშვილის ბიძა არსებულ ჩვენებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სწორედ "ტოიტა ქამრის" მგზავრები არიან ის პირები, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელი არაგვის ხევში უკანასკნელად ნახა.

"ტოიოტა ქამრის" ბრალდებული მგზავრების ადვოკატები ბრალის დამძიმებას გამორიცხავენ. ამბობენ, რომ იმ მტკიცებულებებით, რომელიც ამ დროისთვის საქმეში არსებობს, დაკავებულებს განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლს გამოძიება ვერ წაუყენებს. 31 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე ადვოკატები გარკვეული მტკიცებულებების ბათილად ცნობას მოითხოვენ, მათ შორისაა ის ჩვენებები, რომლებსაც მოწმეები აძლევენ.

ბრალის დამძიმებას გამორიცხავენ სხვა ბრალდებულების ადვოკატებიც. მეტიც, გიგა ტატიაშვილის ინტერესების დამცველი წინასასამართლო სხდომაზე მის გათავისუფლებას მოითხოვს. ტატიაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება. ის იმ "მერსედესს" მართავდა, რომლის მგზავრებიც არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების პირველ ეპიზოდში ფიგურირებენ. გიორგი ყიფშიძე 31 აგვისტოს ძიუდოისტის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე პირი პატიმრობაში რჩება. გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო 109-ე მუხლი, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, ამ მუხლით ბრალი ჯერ არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები