17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავზე ოკუპანტები მავთულხლართების გავლებას ისევ აგრძელებენ

აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავამდე ერთი დღით ადრე ოკუპანტები სოფელ ტახტისძირთან გამოჩდნენ. ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ამ სოფელსა და ოკუპირებულ გვირგვინას შორის 50 მეტრამდე მავთულხლართი გაავლეს. ეს ის ადგილია, სადაც რუსმა სამხედროებმა 3 თვის წინ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი 5 ბანერი განათავსეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები ადგილზე დილით გამოჩდნენ და უკანონო კონსტრუქცია ამ ბანერებიდან რამდენიმე მეტრში განათავსეს.

ტახტისძირში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს წინ უსწრებდა ამავე სოფლის მაცხოვრებლის გატაცება. ოკუპანტებმა 20 წლის ბიჭი ტყვეობიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ტახტისძირის მაცხოვრებელმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

ბორდერიზაციის პროცესის განახლებას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების მუშაობის არაეფექტურობით ხსნის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების გამო რუსეთი ფასს არ იხდის, რის გამოც ოკუპანტი სახელმწიფო ახალ პროვოკაციაზე ადვილად მიდის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალ სახელმწიფო მინისტრს პირველივე სამუშაო დღეს მოუწია კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ორ აქტიურ გამოვლინებაზე, რაც მავთულხლართების პოლიტიკას და ადამიანების გატაცებას გულისხმობს. თეა ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო ცდილობს, რუსეთის მიმართ საერთაშორისო წნეხი გაზარდოს.

ოკუპანტები სოფელ ტახტისძირში დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილან. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ, რადგან შიში აქვთ, რომ მავთულხლართი მათ ნაკვეთებზეც მალე გაივლის.

დღის ამბები