ოკუპანტები ე.წ. საზღვართან ისევ გამოჩნდნენ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მე- 12 წლისთავზე რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან დილიდან გადაადგილდებოდნენ.
საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ადგილზე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად შეინიშნებოდნენ. ისინი აკვირდებოდნენ იმ აქციის მიმდინარეობას, რომელიც რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად დაიგეგმა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მორიგ ჯერზე შემოიჭრა საქართველოში, მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები და ანექსია მოახდინა, სწორედ რომ ამ ოკუპაციის ხაზიდან ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობას, რომლებიც დაკავებული არიან პირადი სიმდიდრის მოხვეჭით და არანაირ ყურადღებას არ აქცევენ არც ტერიტორიებს და არც საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საოკუპაციო ხაზთან აქციაზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზიც.
"ჩვენი პოზიციაც უნდა იყოს ძალიან მყარი და მტკიცე - ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან. ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ, ამ რწმენით და პრინციპით უნდა ვიცხოვროთ, რომ საქართველო უნდა იყოს ტერიტორიულად მთლიანი, ოკუპანტებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და საქართველო უნდა იყოს გამარჯვებული. ამ სულისკვეთებით უნდა ვიცხოვროთ და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს,"-განაცხადა კობა ხაბაზმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა - ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, ოკუპანტები იწყებენ გააქტიურებას. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახლდა გუშინაც, რა დროსაც ტახტისძირთან 50 მეტრის მანძილზე ახალი მავთულხლართი გაჩნდა.