სიმშვიდის მიუხედავად, ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალები ამ დრომდე რჩებიან. ქალაქში გუშინ უკვე არანაირი ექსცესი არ მომხდარა.
8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს, მათ შორის - სასტუმრო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის სამი წელია, გრძელდება. დარბევაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
"მიმდინარეობს გამოძიება, ზუსტად არ ვიცი, რა გახდა ამ კონფლიქტის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.
ამ ეტაპზე სიტუაცია დამშვიდებულია, ყველა უწყება თავის საქმეს აკეთებს. ჩვენც გავესაუბრეთ მოსახლეობას და შევეცადეთ შექმნილი სიტუაციის განმუხტვას," - აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.