17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად აუცილებლად გადალახავს.

მან აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მალე კახეთი კიდევ უფრო გაძლიერდება. 

"ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად მისი გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამე უკეთესობისკენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის, ამის ილუზია არავის არ აქვს, ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, არის გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი, მდიდარი მხარე და ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ. ერთად ვიბრძოლოთ მთლიანად კახეთის და საქართველოს წარმატებისთვის,"-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები