კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალადან გატაცებული ზაზა გახელაძე ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. საქართველოს მოქალაქე უკვე თვეზე მეტია პატიმრობაშია, მას დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მამაკაცის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ მათ დღეს "კურიერთან" ისაუბრეს. ამბობენ, რომ ბოლო დროის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები მათ არ დაკავშირებიან.
"ყველა გაჩუმდა და არ ვიცი. 1 თვე და 5 დღეა უკვე გასული. გვეუბნებიან, რომ ვმუშაობთო ამ საკითხზე და არ ვიცი. რაც თავიდან გვითხრეს, მოვიდნენ და დაგვპირდნენ, ერთი ირაკლი ანთაძე გვეკონტაქტება და გვაიმედებს. ერგნეთში 24 სექტემბერს არის ხელახალი შეხვედრა ჩანიშნული," – აცხადებს გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრი.
როგორც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში 11 ივლისს დაჭრეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს.
"შეგვატყობინეს, რომ ზაზა წაიყვანეს რუსებმაო და იმის მეტი სხვა არაფერი არ ვიცით. არც ბანერია იქ გავლებული და არც არაფერი. ჩვენც ბევრჯერ ვყოფილვართ მანდ, მაყვალი დაგვიკრეფია, ჩამოვსულვართ, ჩვეულებრივად ნახირი ადის და ამ წინებზე ბავშვებთან ერთად მე თვითონ ვიყავი, რომ გავყევი ჩემს შვილს ნახირში და წამოვედი," - აცხადებს გახელაძის ოჯახის წევრი.
ასევე ტყვეობაში რჩება გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილიც.