დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება. საუბარია ექვს პირზე, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა და მათ უკვე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს განიხილავს. არასრულწლოვნების ადვოკატებისთვის ბრალი სრულად მიუღებელია. სხდომა ისევ დახურულ რეჟიმში წარიმართება.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა გამოაცხადა და კონკრეტული მოთხოვნები გააჩნია. არასრულწლოვანი ზ.ხ. სიცრუის დეტექტორზე გავლა მოითხოვა და ასევე პროკურორის აცილება.
"ზ.ხ.-მ გამოაცხადა შიმშილობა, მას აქვს კონკრეტული მოთხოვნები რა მოთხოვნებთან დაკავშირებითაც უკვე გაჟღერდა ეს მოთხოვნები. პირველი არის ის, რომ მოითხოვს სიცრუის დეტექტორზე გავლას როგორც ის, ასევე ის მოწმეებიც, რომლებმაც უკვე რამდენიმეჯერ შეცვალეს ჩვენება გამოძიებაში.
ასევე ითხოვს იმ პროკურორის აცილებას, რომელიც მისი გამოკითხვას ოქმის დროს და ასევე ესწრებოდა იმ დღეს, როდესაც მასზე იძულებით მოახდინეს ჩვენების აღება და ეს პროკურორი დღესაც მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას და ესწრება ამ პროცესებს. ასევე ითხოვს მიეცეს მის დაცვის მხარეს, მის ადვოკატს შესაძლებლობა, რომ ის მტკიცებულებები წარვუდგინოთ მედიას, რომელი მტკიცებულებების საფუძველზეც მოხდა მისთვის ამ ბრალის დამძიმება, კერძოდ კი 109-ე მუხლით," - განაცხადა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
რაც შეეხება დაკავებულ როსტომ კერესელიძეს, მისი ადვოკატი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, რომ კერესელიძის მიმართ წაყენებულ ბრალს საქმეში არსებული ვერც ერთი მტკიცებულება დაამტკიცებს. ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
"კონკრეტულად იმ ბრალს, რაც წაყენებული აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაამტკიცებს და დაადასტურებს, შესაბამისად ველოდებით ამ კუთხით, რომ იქნება გამამართლებელი განაჩენი. ამ სასამართლო სხდომაზე ასევე ჩემს მიერ დაყენებული იქნა საკითხი სასამართლოს წინაშე, რომ უზრუნველყონ ადვოკატები შესაბამისი ინვენტარით. ბოლო სასამართლო სხდომამდე ადვოკატებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ელემენტარულად ჰქონოდა მაგიდა და ჰქონოდა ელემენტარულად იმის საშუალება, რომ კომპიუტერი მივიტანოთ, დავიდოთ და ვიხელმძღვანელოთ კომპიუტერით. დავაყენეთ საკითხი ამ ბოლო სასამართლო სხდომაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ელემენტარულად, მაგიდებით მაინც თუ მოგვამარაგებს, დაველოდოთ," - აცხადებს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების ნაწილში სასამართლოს არსებითი განხილვ 2 დღის წინ დაიწყო და სწორედ 2 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ შიმშილობა გამოაცხადა.
მას სოლიდარობას საკუთარი ოჯახის წევრები უცხადებენ და უკვე 2 დღეა მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ.
დღეს დაკავებულის ბებია გახდა შეუძლოდ, რომელიც ასევე საგამოძიებო ორგანოსთან იმყოფებოდა და ასევე მამაც ამბობს, რომ მას არა აქვს მზადყოფნა იმის, რომ კვლავ განაგრძოს პროკურატურასთან შიმშილობა, თუმცა უკიდურეს პროცესს სახლში განაგრძობს და ასევე პროტესტის ნიშნად არ დაესწრება სასამართლო სხდომას.
"მოსამართლემ სიტყვა არ მათქმევინა. პროკურორს მიჰყავს საქმე, რომელმა პროკურორმაც ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული. ბავშვს ამხელა უსამართლობის გრძნობა უჩნდება, წარმოიდგინეთ. დღეს 8 საათზე პროკურატურაში ვიყავი და პატრულმა ამიკრძალა ოფიციალურად იქ კარვის გაშლა. ახლა ძლივს ვდგავარ ფეხზე, მესამე დღეა საჭმელი არ მიჭამია, ხვალიდან ვიწყებ უკვე მშრალ შიმშილობას. მედიასთან არ ღირს კავშირი იმიტომ, რომ მე არ მაწყობს ეს ვარიანტი დახურული, მე მინდა გაშუქებული იყოს ღიად," - განაცხადა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ.