აფეთქება ახალქალაქში და ენზელ მკოიანის ვერსია - როგორც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, მას აფრთხილებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ახლობელს მოკლავდნენ.
უმრავლესობის წევრი მომხდარს მის საქმიანობას და არჩევნებს უკავშირებს. მკოიანი ასევე აპირებს ანდერძი დაწეროს და ყველაფერი იქ მოყვეს.
"გარკვეული ეჭვი მაქვს, მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. ვაპირებ ანდერძი შევადგინო და ყველაფერს იქ დავწერ. მე სოციალური ქსელის მეშვეობით დამიკავშირდნენ და მეუბნებოდნენ რომ სახლში დავრჩენილიყავი და არჩევნებში არანაირი ფორმით არ მიმეღო მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიყვანდნენ ჩემთვის ძვირფას ადამიანს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" მდივანმა ენზელ მკოიანმა.
ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გვიან ღამით, ახალქალაქში, "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმის მანქანა აფეთქდა. მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3 კილომეტრის რადიუსშიც გაიგეს. ენზელ მკოიანის ძმა საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავად ენზელ მკოიანი ამბობს, რომ სამიზნე არა მისი ძმა, არამედ თავად იყო.