აქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამჟამად ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება - ზაზა გახელაძის ოჯახი სახელმწიფოს მის უვნებლად და დროულად დაბრუნებას სთხოვს. მათთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება ე.წ. სასამართლო პროცესი.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი პირის მეუღლის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მათ თითქმის ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას.
"ბატონი ანთაძე ყოველ დღე გვირეკავს, გვიკავშირდება, გვაცნობებს, რომ ზაზას აქვს გაუმჯობესებული ჯანმრთელობა. სხვა არაფერი არ ვიცით. სხვა არავინ არ შეგვხმიანებია. წითელი ჯვარი დღემდე ვერ აკეთებს კომენტარს, რომ რატომ არ უშვებენ. არ ვიცით ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ველოდებით ალბათ ისევ სახელმწიფოს დახმარებას და ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვიბრუნონ ზაზა, სხვა არაფერი," - აცხადებს ზაზა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ზაზა გახელაძეს ჯანმრთელობას პოზიტიური დინამიკა აქვს.
ირაკლი ანთაძე აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოთქმული ნებისმიერი ბრალდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ არის გამოგონილი და მათ მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება უკანონო.
"შემიძლია გაგიზიაროთ ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაცია. ჩვენ კერძოდ გადმოგვცეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, უტარდება გადახვევები და აქვს პოზიტიური დინამიკა. ნებისმიერი ბრალდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ არის გამოგონილი და მათ მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება უკანონო. რა თქმა უნდა, ჩვენ კონტაქტზე ვართ. ყოველ მიღებულ მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირებას ვახდენთ ინდივიდუალურად. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ეს ინფორმაცია იყოს კარგი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მალე ასეც იქნება," – აცხადებს ირაკლი ანთაძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარი ნარჩემაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ოჯახში დასაბრუნებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს.
"შემაშფოთებელია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებისა და გატაცების ფაქტებს უკვე თვეების განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები გენადი ბესტაევი, ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე. თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ქმედებებს და მოახდენს ჩვენი პარტნიორების სრულ მობილიზებას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების დროული გათავისუფლება მოხდეს," - აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.