07 სექტემბერი 2026,   13:35
ვრცლად
დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმის მორიგი პროცესი. სასამართლო ამჯერად ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეს განიხილავს. სხდომაზე წარდგებიან მოწმეებიც. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დადასტურდება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ორი საათისთვის უნდა დაიწყოს.

"სასამართლო სხდომა განახლდება მტკიცებულებების გამოკვლევით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე წარმოადგენს ქრონოლოგიურად თავის მტკიცებულებებს, ჩვენ წინასწარ არ გვაქვს ინფორმაცია ვინ იქნება წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მოგვცემს თანაბარ შესაძლებლობებს მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში. გვაქვს იმედი, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დადასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში, რაც არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია იგივეა და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს," - აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს იმ მოწმეების ჩვენებები რომლებმაც რამდენიმეჯერ მიცემულ ჩვენებებში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები დააფიქსირებს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არაა.

"დაცვის მხარე გამოიყენებს შესაძლებლობას და დაანახებს სასამართლოს, რომ მოწმეები რამდენიმეჯერ მიცემულ ჩვენებებში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებენ, რომელიც რა თქმა უნდა არ უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ნ.ც-ს ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებს," - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

დღის ამბები