უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო სეზონიდან საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი განახლდება.
როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსაზრდელებისათვის საბავშვო ბაღები სკოლების გახსნის შემდეგ, 15 სექტემბრიდან 2 კვირაში, 1 ოქტომბრიდან გაიხსნება.
მისი განმარტებით, ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღებში შესაბამისი შემოწმება უკვე ჩატარებულია, სააღმზრდელო დაწესებულებები გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უმაღლესი სასწავლებლების გახსნის თარიღთან დაკავშირებითაც და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
წინასწარი ინფორმაციით, ბაღებში მშობლების შესვლა აკრძალული იქნება. ასევე, იფუნქციონირებს საიზოლაციო ოთახი, სადაც გადაიყვანენ იმ აღსაზრდელს ან მომსახურე პერსონალს, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განახლებული რეკომენდაციები დამტკიცდება. ბექა ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექცია ბაღებისა და სკოლების სრულად შემოწმებას იწყებს.
"ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება სკრინინგის განხორციელებას, სადეზინფექციო სამუშაოებს რჩება უცვლელი. 5 კვადრატულზე იქნება ერთი ადამიანი დაშვებული. ბაღების ფუნქციონირება აღდგება 1-ლი ოქტომბრიდან.
დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან ერთად როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკვე დამტკიცებული იქნება რეკომენდაციები, დღეს სრულად მოვახდენთ შეჯერებას. სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა რესურსცენტრების მხრიდან, ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას როგორც ბაღების, ისე სკოლების,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.