მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი 31 აგვისტომდე გადაიდო.
პროცესს არ ესწრებოდა არასრულწლოვანი ზ.ხ. პროტესტის ნიშნად. მან საკუთარი ადვოკატის გიორგი გელხაურის აცილება მოითხოვა. მის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი წარმოადგენს, რომელმაც ითხოვა სხდომის გადადება და ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
"ჩემ მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რომ არ ვიცნობდი სათანადოდ საქმის მასალებს. ვინაიდან მოცემული დრო არ იყო საკმარისი. ვითხოვე სხდომის გადადება. აღნიშნულ საქმესთან მე საწყის ეტაპზე მქონდა შეხება, სხვა ბრალდებულის ინტერესის დაცვის ნაწილში. ჩემთვის ეგ დრო საკმარისი იქნება რომ გავეცნო საქმის მასალებს. ზ.ხ.-ს შევხვდები ნებისმიერ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება," - განაცხადა ზ.ხ.-ს საზოგადოებრივმა ადვოკატმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 10 მოწმის გამოკითხვა იგეგმებოდა. მათ შორის იყვნენ დაზარალებულები, ექსპერტები და გამომძიებლები.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.