19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
რატომ აღმოჩნდა სუსის 3 ავტომობილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მიღება ინტენსიურ რეჟიმში ხდება. პროკურატურა ასევე ეხმაურება ოჯახის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაუჩინარების დღეს ბაჩალიაშვილის ავტომობილს 3 ავტომობილი დაჰყვებოდა თან, რომელიც ძალოვან უწყებებს ეკუთვნის:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზების შედეგების გასაცნობად ინტენსიურ რეჟიმში ხვდებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ოჯახის ადვოკატს.  ასევე, გამოძიების მიერ ხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ასევე გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით.

რაც შეეხება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს  პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების "ფეისბუქის" და  "გუგლის" ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქის", "ინსტაგრამის", "ვოთსაფის" და "გუგლის" მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე "გუგლით" სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია "ფეისბუქის" სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

დღის ამბები