17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ცხინვალში - ე.წ მთავრობის დათხოვნის შემდეგ დღეს ე.წ პარლამენტიც საგანგებოდ იკრიბება

საპროტესტო გამოსვლები ცხინვალში, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები და მილიციის რაზმები ქალაქში - ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" არეულობაა, - პროტესტი იმდენად გამძაფრდა, რომ ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ მთავრობა დაეთხოვა. მოსახლეობა ამჯერად ე.წ "გენერალური პროკურორის" გადაყენებას მოითხოვს. ოსების გაღიზიანება ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა დააკავეს და წამებით მოკლეს. ვრცელდება წამების დამადასტურებელი შემზარავი ფოტოები.

საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტმა საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, რომ გამოძიების მასალები როსტოვში გადააგზავნონ, რათა ობიექტური პასუხები იქნეს მიღებული. ანატოლი ბიბილოვი დამნაშავეების დასჯის პირობას დებს:

"გთხოვთ გადააგზავნოთ ყველა საგამოძიებო მასალა როსტოვში რათა გვქონდეს პასუხი, რომელიც იქნება ობიექტური.თუკი დადასტურდა რომ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს," - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

საპროტესტო აქციების გაგრძელება დღესაც იგეგმება. დღესვე საგანგებო სესიაზე იკრიბება ე.წ პარლამენტი.  ე.წ პარლამენტის დეპუტატები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელებენ და ასევე განიხილავენ ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხსაც.

დღის ამბები