თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე სასულიერო პირები მსჯელობენ. ისინი ადგილზე მივიდნენ და გარკვეულ გარემოებებს სწავლობენ.
სასულიერო პირების ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს ბავშვისთვის წესის აგებას, თუკი თვითმკვლელობა დადასტურდება. ნაწილი კი, აცხადებს, რომ ასაკიდან გამომდინარე ბავშვს არ შეეძლო ადეკვატური რეაგირება მოეხდინა მომხდარზე.
"მიტროპოლიტთან და საპატრიარქოსთან გადაწყდება ეს ყველაფერი, ასეთ დროს ყველაფერია შესაძლებელი და ჩვენც, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ისიც არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა, ვერსიების დონეზეა ყველაფერი. როდესაც საპატრიარქო ამ ვერსიებს განიხილავს და მერე გადაწყვეტს რა უნდა ვქნათ," - აცხადებს ჩხარის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა რომანოზი.
მეუფის განცხადებებს, რომ გამონაკლისი ვერ იქნება და ბავშვს წესს ვერ აუგებენ, გამოხმაურება თეოლოგებშიც მოჰყვა.
"ადამიანს ვერ აცხონებს ვერც მაგათი წესის აგება და ვერ მაგათი წესის არ აგება. ადმიანს აცხონებს მხოლოდ ღმერთი, მისი სიყვარული და კაცთმოყვარეობა. რას ნიშნავს, რომ ღმერთს გამონაკლისები არ აქვს. გამონაკლისები აქვთ საეკლესიო კანონებს და როგორ შეიძლება განსაკუთრებული შემთხვევები ღმერთს არ ჰქონდეს. აუცილებლად უნდა აუგონ წესი, რადგან ის არის არასრულწლოვანი და მას არ ჰქონდა გაცნობიერებული რას აკეთებდა," - აღნიშნავს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირები გარკვეულწილად სახელმწიფოს პოზიციებს ინარჩუნებენ და მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად მოქმედებენ.
"ერთი მხრივ ეკლესია ამბობს, რომ თვითმკვლელებს არ აუგებს წესს, მაგრამ მეორე მხრივ ის მიჰყვება კონკრეტულად ძალოვანი სტრუქტურებისა და მტავრობის განწყობებს. სახელმწიფოს ახლა ძალიან აწყობს, რომ ამ ბავშვის გარდაცვალება, თვითმკვლელობად გასაღდეს. თუ სახელმწიფო იტყვის რომ ეს არის თვითმკვლელობა, მაშინ მათი პასუხისმგებლობა იხსნება ან რბილდება, ამიტომ ეკლესია მათ უჭერს მხარს," - აცხადებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
დღეს, 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე, "რუსთავი 2-თან", მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამონაკლისი დაუშვებელია, თუმცა ეპარქიის მამაოებს მომხდარის გარკვევას დაავალებს.
მანამდე კი, გარდაცვლილი ბავშვის დედა თბილისში ჩამოვიდა, მას ახლა, PCR ტესტი უტარდება და სწორედ ამის შემდეგ შეძლებს შვილთან გამომშვიდობებას.